შსს-მ გამოძიება დაიწყო ქურდობის მუხლით პრაიდ-ფესტივალის ტერიტორიის დარბევის ფაქტზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

ინფორმაცია პუბლიკას შსს-ში დაუდასტურეს.

ასევე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია ორი ადამიანი.

როგორც გუშინ, მედიის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანდა, მას შემდეგ, რაც ძალადობრივი ჯგუფები ფესტივალის გასამართ ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მათ დააზიანეს, დაამტვრიეს და დაწვეს ინვენტარი, დაიტაცეს ნივეთები, სასმელები და ა.შ.


„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა.

ორგანიზატორები ფესტივალის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ღონისძიების დაცვის გარანტია მიიღეს.

ლისის ტბასთან, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია იყო მობილიზებული, მაგრამ სამართალდამცველების მიერ გაკეთებულმა მცირე კორდონმა აგრესიულ ჯგუფებს  წინააღმდეგობა არ გაუწია, რის შემდეგაც ამ ჯგუფებმა ფესტივალის ტერიტორიამდე მიაღწიეს, პრაიდის ორგანიზატორები კი შსს-მ გაიყვანა.