შსს-მ ენმ-ს საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში, თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის და მისი თანმხლები პირების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მისულ სამართალდამცველებს, დახვდათ რამდენიმე პირი, რომლებსაც სხეულზე აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის, მათ შორის სისხლნაჟღენთი დაზიანებები. აღნიშნული პირები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ, გლდანში შეიკრიბნენ დაშავებული პირების მეგობრები, რომლებმაც სამართალდამცელებს ხელი შეუშალეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში. პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის შსს-ს განცხადებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს 3 ადამიანი.
,,მომხდარი ფაქტიდან მალევე გლდანში შეიკრიბნენ დაშავებული პირების მეგობრები და თანაპარტიელები, რომლებმაც სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა.
დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოში მოთავსებულმა პირებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებაში მისულ სამართალდამცველებს გამოკითხვაზე უარი განუცხადეს და განმარტეს, რომ ჩვენებას მისცემენ სასამართლოში.
მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები”, – წერია შსს-ს განცხადებაში.