შსს-მ ირანის მოქალაქეებზე ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირანის მოქალაქეებზე ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, 1983 წელს დაბადებული შ.ლ. – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ხოლო 1984 წელს დაბადებული ვ. შ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ლ.-მ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს – 1987 წელს დაბადებულ ვ.რ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამართალდამცველებმა შ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ამავე ინციდენტის დროს, შ.ლ.-ს თანმხლებმა – ვ.შ.-მ ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა ვ.რ.-ს თანმხლებ ირანის მოქალაქეს”, – წერს შსს.