„ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს.
იცვლება გზის გადაკეტვაზე შედგენილი ჯარიმების გასაჩივრებისა და განხილვის წესიც.
ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ გზის გადაკეტვაზე სავარაუდო სამართალდარღვევის შესახებ შსს ტრადიციულად აცნობებს მოქალაქეს და ოქმს გაგზავნის სასამართლოში, რის შემდეგაც სამართალდარღვევის განხილვის შესახებ მოქალაქეს დაუკავშირდებიან სასამართლოდან.
პროცესის გამართვისა და სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში, მოქალაქეს შეეძლება, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციოში, თუმცა სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრება გადახდის ვალდებულებას არ აჩერებს, რაც ნიშნავს იმას, რომ პირმა სასამართლოს დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში ჯარიმა უნდა გადაიხადოს.
„ოცნების“ ახალი კანონპროექტით, თუკი მოქალაქე დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ ჯარიმა აღარ გამოიყენება და ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შეუძლებლობის საფუძვლები.
„ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჯარიმა ძალაში შევა და აღსრულება დაიწყება პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ და აპელაციაში გასაჩივრება არ შეაჩერებს მის მოქმედებას. ამდენად, ჯარიმის გადახდა პირველი ინსტანციის დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა მოხდეს, რის შემდეგაც, იძულებითი აღსრულება შეიძლება დაიწყონ.
აქვე განვმარტავ, რომ აპელაცია ამ საჩივრებს ისედაც არ დაუშვებს და მალევე მოიშორებს საქმეებს თავიდან. შსს-ში ვინც შეიტანეთ საჩივრები და ჯერ პასუხი არ მიგიღიათ, ეს წესი ამ საქმეებზეც გავრცელდება. შსს აღარ განიხილავს თქვენ საჩივარს და ყველა ეს საქმე გადაიგზავნება სასამართლოში, კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში“, – განმარტავს იურისტი ნიკა სიმონიშვილი.
როგორც იურისტი საბა ბრაჭველი განმარტავს, წარმოდგენილი კანონპროექტით ჩანს, რომ „შსს-მ ჯარიმების ბუღალტერია, რაც თებერვლის შემდეგ ჰქონდა, სასამართლოს გადაულოცა.“
„პრაქტიკაში მხოლოდ ის იცვლება, რომ ვისაც გასაჩივრებულ ჯარიმაზე ჩემსავით შსს-ს პასუხს ელოდით, პირდაპირ სასამართლო დაგიკავშირდებათ, ხოლო აწი ვისაც დაგჭირდებათ გასაჩივრება – საჩივარი სასამართლოში უნდა ჩააბაროთ“, – განმარტავს საბა ბრაჭველი.
როგორია დღემდე არსებული ნორმა, რომელიც „ოცნებამ“ თებერვალში მიიღო?
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობით, 2025 წლის იანვრიდან გზის გადაკეტვა 500 ლარის ნაცვლად, 5000 ლარით ჯარიმდება.
ამასთან, 7 თებერვლიდან ჯარიმის დაკისრება პირდაპირ პოლიციელს, სასამართლოს გარეშე შეუძლია.
რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეები აღარ მიდიოდა სასამართლოში და მოქალაქეებს ჯარიმას პირდაპირ პოლიცია აკისრებდა.
თუკი თებერვალში მიღებულ ცვლილებამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო, სასამართლოში ემტკიცებინა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის წესები დაირღვა და დემონსტრანტის დაჯარიმების უფლება მხოლოდ მოსამართლეს ჰქონდა, უკვე თებერვალში მიღებული ცვლილებით, პოლიციას შეუძლია გზის გადაკეტვაზე სასამართლოს გარეშე პირდაპირ გამოწეროს სამართალდარღვევის ოქმი.
სწორედ შსს ატყობინებს მოქალაქეს, რომ მის წინააღმდეგ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი.
იმისათვის რომ ჯარიმა გამოწეროს, შსს-ს სამი თვე აქვს. ოქმი მოქალაქეს ბარდება ფოსტით ან პირადად. ოქმის ჩაბარებიდან 30 დღეში მოქალაქე ვალდებულია, გადაიხადოს ჯარიმა.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე გასაჩივრებას გადაწყვეტს, ამისთვის 10-დღიანი ვადა აქვს. გასაჩივრება ოქმის მოქმედებას აჩერებს.
ოქმის გასაჩივრება შესაძლებელია პოლიციაში. უწყებას პასუხისთვის მაქსიმუმ 30-დღიანი ვადა აქვს. უარის შემთხვევაში მეორე ეტაპია – სასამართლო. გასაჩივრების ვადა 10-დღიანია.
საქალაქო სასამართლო სხდომას ჩანიშნავს და საქმის განხილვისთვის, მაქსიმუმ, 30-დღიანი ვადა აქვს.
საქალაქო სასამართლოს შემდეგ მოქალაქეს შეუძლია, სააპელაციო სასამართლოს მიმართოს, სადაც სასამართლო სარჩელის დაუშვებლობაზე მსჯელობს, უარს აცნობებს მოქალაქეს ან განხილვის თარიღს.
თუ აღნიშნული ეტაპების გავლის შემდგომ მოქალაქემ ვერ დაამტკიცა, რომ კანონი არ დაურღვევია, ამ შემთხვევაში უკვე ჯარიმის გადასახდელად 30-დღიანი ვადა აქვს. თუკი არ გადაიხდის ჯარიმას, შსს იძულებით აღსრულებას დაიწყებს.