შსს-მ კლინიკა „ვივამედის“ დაცვის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს, რომელთაც ბრალად ედებათ „ვივამედის“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და განზრახ მსუბუქი დაზიანება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„1977 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, 1995 წელს დაბადებული შ.ბ.-ს კი – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კლინიკა „ვივამედის“ უსაფრთხოების თანამშრომელს – 1995 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.გ.-მ უსაფრთხოების თანამშრომელს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაკავებული ზ.გ.-ის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებული შ.ბ.-ის მიმართ კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.