შსს-მ ლადო აფხაზავას საქმეზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

როგორც ,,პუბლიკას” შსს-ში უთხრეს, პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყების თქმით, დაკავებული ჯერ არავინაა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას გუშინ, 5 მაისს თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან.

აფხაზავამ ,,პუბლიკას” უთხრა, რომ დახვდნენ სადარბაზოსთან, იმყოფებოდა შვილთან ერთად და ორივეს ,,გაეკიდნენ ხის ჯოხებით”.

აფხაზავა მასზე განხორციელებულ თავდასხმას რუსული კანონის გაპროტესტებას და აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.

აფხაზავამ ამოიცნო თავდამსხმელი პირები, თუმცა შსს-ს ჯერ ისინი იდენტიფიცირებული არ ჰყავს.

თავდასხმის შემდეგ მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც იმედოვნებენ, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება.