შსს-მ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 611 ფაქტი გამოავლინა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების დარღვევის 611 ფაქტი გამოავლინეს.

შსს-ს განცხადებით, პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 93 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, უწყების ცნობით, 518 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.


პირბადის ტარების წესის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად  20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებით 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.


დღეს, 28 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 2 766.