შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა

პუბლიკა

შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს, ორი ჩინეთის და გერმანიის მოქალაქეა, ორი კი რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე.

ერთი მათგანი, 1995 წელს დაბადებული პ.კ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს, სამი კი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი, 1995 წელს დაბადებული პ.კ. საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, აეროპორტში მისი პირადი ჩხრეკა განხორციელდა. სამართალდამცველების მიერ, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „კოკაინი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „მეთადონი“ და ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერებები. ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.