შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ ყველა წევრი – პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე.
პაატა ბურჭულაძე სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს კლინიკიდან, მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე კი სპეცრაზმმა პარლამენტთან დააკავა. ბურჭულაძე კლინიკაში რუსთაველის გამზირიდან სასწრაფო დახმარებამ მას შემდეგ გადაიყვანა, რაც ის შეუძლოდ გახდა.
„მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – თქვა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 225-ე მუხლებით მიმდინარეობს.
4 ოქტომბერს თბილისში არჩევნების პარალელურად აქცია გაიმართა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მოგვიანებით მურთაზ ზოდელავამ უთხრა, რომ გადაენაცვლათ პრეზიდენტის სასახლესთან. აქციის მონაწილეების ნაწილმა შეანგრია ჭიშკარი და ეზოში შეიჭრა, მალევე ეზოში გამოჩნდა სპეცრაზმი. სპეცრაზმმა დემონსტრანტები წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.
„ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, რაც ათონელის ქუჩაზე მოხდა სისხლის სამართლის დანაშაულია და ყველა, ვინც ამ აქტში იყო ჩართული, პასუხისგებაში მიეცემა.
„მე ვივარაუდე, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადის დაჭერა მოგვიწევდა ამ ძალადობის ფონზე და ხედავთ, რომ რეალურად აქეთკენ წაიყვანეს პროცესები, დანარჩენი დაელოდონ პასუხს, პასუხი იქნება მკაცრი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.