შსს-მ პარლამენტში სითხის დაღვრასა და სუნის გაშვებაზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

შსს-მ პარლამენტში სითხის დაღვრასა და სუნის გაშვებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.


პარლამენტის პლენარული სხდომის ას დარბაზში გაუშვეს სუნი, რის გამოც პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა და სხდომის გასაგრძელებლად დარბაზი ნიავდება.

როგორც „პუბლიკას“ აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა უთხრა, მოძრაობა „სირცხვილიას“ ინიციატივით, პარლამენტში შეიტანეს სპეციალური კაფსულა, ცუდი სუნის გასაშვებად.

„ეს კაფსულები არ არის მომწამვლელი და ტყუილი პანიკაა“, – თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ კენჭისყრა უნდა გამართულიყო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია. მათგან 14-ზე იურიდიულმა კომიტეტმა დადებითი რეკომენდაცია გასცა.

პარლამენტთან დილიდან აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ.