შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. შსს-ის ცნობით, დაკავებულია 1987 წელს დაბადებული თ.ზ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულის მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით, სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.
დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აქციების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის 5 პირია დაკავებული.