შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფოთში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი – 1984 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს.
შსს წერს, რომ გამოძიება ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების მუხლით მიმდინარეობს, რის ფარგლებშიც ვაშაყმაძისთვის უნდა გადაეცათ გამოკითხვაზე დაბარების უწყება, რა დროსაც, შსს-ს თქმით, ის თავს დაესხა პოლიციელებს და დაზიანებები მიაყენა.
„მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ. სოციალური ქსელი „facebook-ის” საშუალებით განხორციელებულ Live-ჩართვაში ა.ვ. აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლით და დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები”, – წერს შსს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.