შსს-მ პროფესიონალურად აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება - პაპუაშვილი მელიას დაკავებაზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შსს-მ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება ძალიან პროფესიონალურად შეასრულა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერებმა საოფისე ინვენტარი თავად დააზიანეს.

„არავინ უარყოფდა, თავად ნიკა მელიაც არ უარყოფდა და არც მისი მხარდამჭერები, რომ  ნიკა მელია არღვევდა კანონს. თავის დროზე იმით, რომ არ აღასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამიტომ აქ პასუხი არის ნათელი – ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს კანონს. ეს არის მთავარი პრინციპი თანასწორობისა კანონის წინაშე.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, მგონი, ყველა დავაკვირდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან პროფესიონალურად აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება. ვნახეთ, რამდენად სწორად იყო ის ღონისძიება ჩატარებული, რომელიც ჩატარდა. არავინ არ არის დაშავებული. საუბარი იყო იმაზე, რამდენად შეიძლებოდა გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, გადახედოს ყველამ „პოლიციის შესახებ“ კანონს, 33-ე მუხლი აწესრიგებს ამ ყველაფერს და აქ არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. მით უმეტეს, რომ ვხედავდით დღეს დილითაც წინააღმდეგობას, ვნახეთ, რომ პოლიცია მივიდა, მოუწოდეს მათ, რომ აღსრულებისთვის ხელი არ შეეშალათ, მისცეს დრო ნახევარი საათი. მიუხედავად იმისა, რომ მხარდამჭერების ნაწილი მალევე დაემორჩილა პოლიციას, გარეთ გამოვიდნენ, ისიც ვნახეთ, ლიდერები როგორ ჩაიკეტნენ ოთახში და ვნახეთ თავად როგორ აზიანებდნენ საკუთარ ინვენტარს. მთავარია ის, რომ პოლიციამ პროფესიონალურ დონეზე ჩაატარა ეს ღონისძიება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.