პოლიციამ მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის “ქურდული წესით” გარჩევის ფაქტი გამოავლინა. მათ 1978 წელს დაბადებული ვ.გ.
„ქურდული სამყაროს” წევრობისთვის, 1965 წელს დაბადებული კ.თ. კი ქურდული სამყაროს წევრისთვის“ ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დააკავეს.
1967 წელს დაბადებულ მ.მ.-ს (მეტსახელად “ყურშა”) „კანონიერი ქურდობისთვის“ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. რაც შეეხება 1985 წელს დაბადებულ ო.ს.-ს, მას „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ კ.თ.-ს და მის ნაცნობს შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოიშვა ქონებრივი დავა. აღნიშნული დავის მოგვარებაში ჩაერთნენ კრიმინალური ავტორიტეტები – ო.ს. და ვ.გ., რომლებიც დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ – მ.მ.-ს (მეტსახელად „ყურშა”) და ზ.მ.-ს (მეტსახელად „გლეხოვიჩი“).
„კანონიერმა ქურდებმა“ თურქეთის რესპუბლიკაში მოდავე მხარეებთან ერთად მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინანსური დავის საგანი – მიწის ნაკვეთი უნდა გაყიდულიყო, მთლიანი თანხა უნდა გადარიცხულიყო „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც მოგვიანებით გადაწყვეტდნენ თანხის განაწილების საკითხს.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების კუთვნილი მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, ასევე, 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.