შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 6 პირი დააკავა

პუბლიკა

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 6 პირი დააკავა. მათგან 4 წევრობის, 2 კი „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე.

შსს-ს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე  1991 წელს დაბადებული ზ.კ. (მეტსახელად „კეკო“), 1986 წელს დაბადებული ნ.მ.(მეტსახელად „მაჩიტა“), 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.თ. (მეტსახელად „ბაბუცა“) დააკავეს, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე 2000 წელს დაბადებული ლ.ლ. და 2004 წელს დაბადებული გ.ი.

„სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთად დასაქმებულ ბრალდებულებს – ლ.ლ.-ს და გ.ი.-ს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კონფლიქტი წარმოიშვა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბრალდებულებმა, კონფლიქტის მოგვარება „ქურდული სამყაროს“ წესების მიხედვით გადაწყვიტეს და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს, რის შემდეგაც
ბრალდებულებს შორის „ქურდული გარჩევა“ მოეწყო.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.