შსს-მ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

პუბლიკა

შსს-მ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული გ.ზ., ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით  1988 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ჩადენილი დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ზ.-მ, რომელიც თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა, ამავე ქუჩაზე მცხოვრებ 1993 წელს დაბადებულ გ.ს.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა ბ.ბ., რომელმაც მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. მიყენებული ჭრილობების შედეგად გ.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.