შსს-მ წარმოადგინა გარემოებების გამაქარწყლებელი არგუმენტაცია - ომბუდსმენი გოგა რაზმაძის საქმეზე

პუბლიკა

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რატომ შეწყდა საქმისწარმოება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის, გოგა რაზმაძის საქმეზე.

ომბუდსმენის განმარტებით, შსს-მ წარმოადგინა განმცხადებლის მიერ მოწოდებული თითოეული გარემოების გამაქარწყლებელი არგუმენტაცია.

„განცხადების შესწავლისას სახალხო დამცველის აპარატი სრულად მოქმედებდა კანონმდებლობის და იმ 9-წლიანი ერთგვაროვანი პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც აპარატში თანასწორობის მექანიზმის დაარსებიდან დღემდე ჩამოყალიბდა.

ამ საქმეში, სახალხო დამცველის აპარატი დაეყრდნო იმავე მტკიცების სტანდარტს, რაც წლების განმავლობაში არაერთ სხვა საქმეში ყოფილა გამოყენებული. გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც ჰქონდა მტკიცების ტვირთი (და არა განმცხადებელს), დაემტკიცებინა შევიწროების ფაქტის არარსებობა, წარმოადგინა განმცხადებლის მიერ მოწოდებული თითოეული გარემოების გამაქარწყლებელი არგუმენტაცია.

ამავე დროს, სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ საქმეთა შესწავლის თუ გადაწყვეტილებათა მიღების დროს აპარატი მოქმედებს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის და არაერთი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.

ამდენად, საქმის განხილვისას, შესწავლილი იქნა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლის მიზნებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და განხორციელდა კანონით გათვალისწინებული, საქმისთვის აუცილებელი და რელევანტური ღონისძიებები. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა იმსჯელა დამატებითი ახსნა-განმარტებების მოძიებისა და მოწმეთა გამოკითხვის თაობაზე, თუმცა, აღნიშნულის საჭიროება არ გამოკვეთილა.

დამატებით, საქმეზე გადაწყვეტილების სამართლებრივ ნაწილში, სახალხო დამცველმა შეაფასა შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ფორმის, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები; ამასთან, ცალკე მსჯელობა დაეთმო პოლიციელთა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს, ევროსასამართლოს პრაქტიკისა და პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსის ანალიზს.

სახალხო დამცველი პატივს სცემს ნებისმიერი პირის გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, კრიტიკულ დამოკიდებულებას აპარატის საქმიანობის მიმართ, თუმცა, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი კონსტიტუციური ორგანო, დამოუკიდებელია თავის შეფასებებში და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ფაქტების და შესაბამისი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე იღებს.

აც შეეხება მიღებული გადაწყვეტილების სრულად გასაჯაროების საკითხს, იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველი პატივს სცემს და იცავს განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებს, სრული ტექსტის გამოქვეყნება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია“, – წერს ომბუდსმენი.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის, გოგა რაზმაძის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა იმ საქმის წარმოება შეწყვიტა, რომლითაც რაზმაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის უფროსს მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ედავებოდა.

რაზმაძე ომბუდსმენის მიერ საქმის შეწყვეტის დასაბუთებას „სამარცხვინოს” უწოდებს.