შსს: მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დავაკავეთ

პუბლიკა
content image

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისა და ხე-ტყის უკანონო დამზადების ფაქტზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, 1977 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ცვლის მეთაურმა – მ.ხ.-მ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ცეცხლაურში, ქარსაცავ ზოლში, უკანონოდ გაჩეხა და დაამზადა კრიპტომერიის ჯიშის ხე-მცენარე, რითაც გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

სამართალდამცველებმა, უკანონოდ გაჩეხილი მერქნიანი მცენარისგან დამზადებული მასალა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.