შსს: მოქალაქეებს კრიმინალური ავტორიტეტის სახელით უკავშირებოდა და 100 000 დოლარს სთხოვდა - დაკავებულია ერთი პირი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიმინალური ავტორიტეტის სახელით უკავშირებოდა და 100 000 ამერიკულ დოლარს ითხოვდა.

დაკავებული მათ სიცოცხლისა და ქონების მოსპობით ემუქრებოდა.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით მოქალაქეებს უკავშირდებოდა და მათ სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, 100 000 დოლარს სთხოვდა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ტ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად მობილური ტელეფონი და სიმ ბარათები ამოიღეს, რითიც ის მოქალაქეებს უკავშირდებოდა.

გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.