შსს მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დღეს, 2 ივლისს, თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია პრაიდის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია, ასევე, პარალელურად ერთ-ერთ იზოლირებულ სივრცეში იგეგმება პრაიდ კვირეულის დასკვნითი, დახურული ღონისძიება.

ამ წუთებში ალტ-ინფოს მხარდამჭერები პარლამენტის წინ არიან შეკრებილები და საპროტესტო აქციას მართავენ. აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ პრაიდ კვირეულს აპროტესტებენ. აქციაზე ასევე ითქვა, რომ „ეს არის ანტი-დასავლური აქცია“ და დემონსტრაციულად აპირებენ დაწვან ევროკავშირისა და ნატოს დროშები.  პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია საგზაო მოძრაობა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.“

აქვე ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 1 ივლისს თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე მოუწოდეს მათ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი.

მათივე ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს.

„გვიან ღამით, სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად, შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 26 პირი დააკავა.“