შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს აქციის მონაწილეებს „არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”.
უწყების თქმით, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მესამე დღეა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს.
ასევე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, – ნათქვამია განცხადებაში.