შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სვანეთში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი – 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს.
დანაშაული 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 იანვარს, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები და ერთ-ერთ მათგანს, 1986 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, 2 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ შესაბამის მოქმედებებს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთელ ტერიტორიაზე, რაშიც ვერტმფრენიც იყო ჩართული. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი დააკავა. სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ვ.ს. ცხედარი მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ნაკრაში იპოვეს“, – წერია უწყების განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დღეს ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე, გაუჩინარებული კაცის პარტნიორი ქალის კომენტარი გავრცელდა. მისი თქმით, ისინი მწვერვალ თეთნულდისკენ მიდიოდნენ. ავტომობილი გვირაბთან გააჩერეს. ფოტოებს იღებდნენ, რა დროსაც შენიშნეს „სუბარუს“ მარკის თეთრი ავტომობილი, რომელში მსხდომებმაც ჰკითხეს დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ, რაზეც მიუგეს, რომ არა. ამის შემდეგ იგივე ავტომობილი გზაზე კიდევ შეხვდათ, რომელიც ხან გადაუსწრებდა და ხან ჩამორჩებოდა.
ქალის მონაყოლის მიხედვით, გზად მათ გაჭედილი ავტომობილი შეხვდათ, რომელიც თოკით ამოათრიეს.
„ამ დროს თეთრმა Subaru-მ ჩაგვიარა და არ გაჩერებულა. როცა ვიტიამ შორიდან შეამჩნია, რომ შუა გზაზე იდგნენ, მანქანის სათავსოდან დანის მიწოდება მთხოვა. გაჩერდა, გადავიდა და ჰკითხა რა მოხდა. მათ ნასოსი სთხოვეს, ამოიღო და მისცა, ამის შემდეგ დაიწყო რაღაც კონფლიქტი”.ქალი ამბობს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ორი გასროლის ხმა გაიგონა “ვერ ვხედავდი საით და ვიქტორიც არ დამინახავს”.