შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2 ივნისს ჩვილის ცხედრის პოვნის შესახებ „112“-ს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა შეატყობინეს.
პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. ასევე არასწორია ინფორმაცია, თითქოს ახალშობილის ცხედარი გადააგდეს. ჩვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
„გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, რომლებიც, შესაძლოა, ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას შემთხვევის შესახებ. მათ შორის, მოწმის სახით, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგონა. საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება გრძელდება ყველა შესაბამისი ვერსიის გადამოწმებისა და რელევანტური მტკიცებულებების შეგროვების მიზნით.
რაც შეეხება ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვანი გოგონას დაკავებასთან, ასევე, პოლიციის თანამშრომლის მიერ ახალშობილის ცხედრის გადაგდებასთან დაკავშირებით, არის დეზინფორმაცია“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შსს-ს მედიას მოუწოდებს, საქმის სენსიტიურობის გამო, ამ თემის გაშუქებისას დაიცვან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და პრვოცირება არ გაუკეთონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვას.