შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ თურქეთში მოქმედი ე.წ. „ბარიშ ბოიუნის“ კრიმინალური დაჯგუფების წევრები

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, თურქეთის 2 მოქალაქე – 1999 წელს დაბადებული ს.თ და 2001 წელს დაბადებული ფ.გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს, თურქეთში მოქმედი ე.წ. „ბარიშ ბოიუნის“ კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან.

მათ ბრალი ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში.

„სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის არის „მდმა“, „მარიხუანა“, „პრეგაბალინი“ და „გაბაპენტინი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები, თურქეთში მოქმედი ე.წ. „ბარიშ ბოიუნის“ კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრების დადგენა-გამოვლენის მიზნით.