შსს: ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობის საქმეზე 6 ადამიანი დავაკავეთ

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობის საქმეზე დააკავეს 6 ადამიანი.

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან:

  • სომხეთის მოქალაქე, 2005 წელს დაბადებული გ.ჰ;
  • უკრაინის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული ტ.კ;
  • რუსეთის მოქალაქე, წარსულში ნასამართლევი, 1994 წელს დაბადებული თ.ა;
  • 2004 წელს დაბადებული კ.კ;
  • 1996 წელს დაბადებული ა.ტ;
  • წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული გ.ა.

შსს-ის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბარის მფლობელს, ბრალდებულ თ.ა.-ს დასაქმებულ პერსონალთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითობის გეგმა, გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მათ დაწესებულებაში შესულ მოქალაქეებს თაღლითურად აკისრებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას.

იმ შემთხვევაში, თუ სტუმარი უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე, თანამშრომლები მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ და ამ გზით ცდილობდნენ მოთხოვნილი თანხის მიღებას.

უწყება ამბობს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.