შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუსის თანამშრომელმა ამოიღო იარაღი, თუმცა არ გამოუყენებია, გამოძიების დასრულებამდე გათავისუფლებულია

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, ოზურგეთში მომხდარი დაპირისპირებისას სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს მიაყენეს ნახეთქი დაზიანება, მან თავდაცვის მიზნით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა არ გამოიყენა.

შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებამდე სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილია კადრების განკარგულებაში.

„ოზურგეთში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის წინა დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთ-ერთის ბიძას, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს, თავის არეში მიყენებული აქვს ნახეთქი დაზიანება. დაზიანებები აქვს მის არასრულწლოვან დისშვილსაც. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებების მიხედვით, რასაც დეტალური სიზუსტით ადასტურებს, ვიდეოკამერების სხვადასხვა რაკურსის ჩანაწერები, დაზარალებულმა პირმა მისთვის სახის არეში მიყენებული დარტყმის შემდგომ, ფიზიკური დაპირისპირებისას, თავდაცვის მიზნით ამოიღო თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა არ გამოიყენა მიუხედავად იმისა, რომ მასზე რამდენიმე ადამიანის მხრიდან თავდასხმა გრძელდებოდა.

მას აღნიშნული იარაღი წაართვა ინციდენტში მონაწილე მეორე მხარის წარმომადგენელმა – მეორე არასრულწლოვანის ბიძამ, რომელმაც მოგვიანებით, ცეცხლსასროლი იარაღი თავად წარმოუდგინა გამოძიებას. ინციდენტიდან რამდენიმე საათში, მეორე არასრულწლოვანის ბაბუა, რომელიც ასევე მონაწილეობდა მომხდარ დაპირისპირებაში, მის საცხოვრებელ სახლში გახდა ცუდად და საავადმყოფოში მიყვანამდე, გულის შეტევით გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე პირები, ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები. ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გვაცნობეს, რომ გამოძიების დასრულებამდე სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილია კადრების განკარგულებაში. გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ მოხდება საზოგადოების შემდგომი ინფორმირება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.