შინაგან საქამეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს „თბილისი პრაიდის” ოფისზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით და უწყების რეაგირების თაობაზე საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის.
სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავს „პრაიდის” ოფისზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებების 4 ეპიზოდს და ამბობს, რომ რამდენიმე პირის მიმართ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით გამოიწერა ოქმები და ისინი შემდგომ სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო.
უწყების განცხადებით, დანარჩენ ეპიზოდებზე რამდენიმე პირის მიმართ სამართალწარმოების მასალები სასამართლოშია გადაგზავნილი.
რაც შეეხება „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ქურდობის ფაქტს, მათი თქმით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.
გთავაზობთ შსს-ს განცხადებას:
„1. 2020 წლის 26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თბილისში, გ.ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ქურდობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, გამოიკითხნენ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე პირები.
გამოძიება გრძელდება.
2. 2020 წლის 7ივნისს, თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის” ოფისის აივანზე განთავსებული დროშის და აღნიშნული ოფისის კედლის შესაძლო შავი საღებავით და კვერცხებით დასვრის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გადაუდებელი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა სავარაუდო სამართალდამრღვევთა ვინაობა, რომელთა მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რომელთაგან სამი პირი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო ერთ პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა, 500 ლარის ოდენობით.
3. 2020 წლის 21-22 ივლისს, აღნიშნულ ოფისზე კვლავ მოხდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება, რაც გამოიხატა შემდეგში: საღებავებიანი კვერცხებით დასვარეს „თბილისი პრაიდის” ოფისის აივანზე არსებული დროშა და შენობის სადარბაზოში ისროლეს კვერცხები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გადაუდებელი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა სავარაუდო სამართალდამრღვევთა ვინაობა და მათ მიმართ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალები გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
4. აღნიშნულ ოფისზე კანონსაწინააღმდეგო ქმედება განხორციელდა ასევე, 2020 წლის 3 აგვისტოს, რა დროსაც „თბილისი პრაიდის” ოფისის აივანზე არსებული დროშა საღებავებიანი კვერცხებით დასვარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გადაუდებელი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა სავარაუდო სამართალდამრღვევის ვინაობა და მის მიმართ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალები გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
გარდა ზემოთაღნიშნულ ფაქტებზე რეაგირებისა, „თბილისი პრაიდის” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის პროტესტის გამოხატვის მიზნით მოქალაქეების შეკრებისას, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გაძლიერებულად ხორციელდება მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვა პატრულირების გზით”, – წერს შსს.