შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უწყება ამბობს, რომ ბრალდებულმა 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგადაც დაზიანდა წყლის ჭავლის ავტომობილი.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 4 პირი. გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაციული წესით აქციების დროს 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. აქცია პარლამენტთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დაკავების დროს სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება, მათი ნაწილი ამ დრომდე კლინიკაშია.