შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ სტუმრად მყოფი ვლადიმერ პოზნერი და მისი თანმხლები პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციის და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვლადიმერ პოზნერის ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, დაჯარიმდა 32 პირი. ამასთან, ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განხცადებაში.
რუსი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის თქმით, ის და მისი გარშემომყოფები საქართველოში არ დაუჯარიმებიათ. ამის შესახებ პოზნერმა რუსულ გამოცემა ღია-თან ისაუბრა.
როგორც გამოცემა წერს, პოზნერმა თავიდან მათთან განაცხადა, რომ თბილისში 3 აპრილამდე გეგმავდან დარჩენას, მაგრამ ქვეყანა ნაადრევად დატოვა და ახლა უკვე მოსკოვში იმყოფება. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერის კომენტარი, თითქოს პოზნერი და მისი თანმხლები პირები კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ, სიმართლე არაა და თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ ისინი აქ არავის დაუჯარიმებია.
რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტად მიიჩნევა, საქართველოში გუშინ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ის 87 წლის გახდა და მასთან ერთად საქართველოში ჩარტერული რეისით 40-მდე ადამიანიც ჩამოფრინდა.
პოზნერის ვიზიტს, სამოქალქო აქტივისტებისა და სხვადასხვა მოძრაობის წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი მივიდნენ იმ რესტორანთან, სადაც პოზნერი დაბადების დღეს აღნიშნავდა. აქციის ფონზე პოზნერს, თავის თანმხლებ პირებთან ერთად მოუწია სასტუმრო „ვინოტელი“ დაეტოვებინა. მოგვიანებით, აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც პოზნერი და მისი მეგობრები იყვნენ დაბინავებულნი.
ვლადიმერ პოზნერმა საქართველოში სტუმრობა შეწყვიტა და გამთენიისას თანმხლებ პირებთან ერთად საქართველო დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრას იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. პოლიციამ დააჯარიმა ასევე სასტუმრო „ვინოტელი“ 10 000 ლარით.