შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 28 ოქტომბერს სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე კიბერშეტევასთან დაკავშირებით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
„ხდება ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის, უმეტეს ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია. უახლოეს პერიოდში სხვა ვებგვერდების ფუნქციონირებაც სრულად აღდგება.
„კიბერშეტევა შესაძლოა, განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან”, – ამბობენ სამართალდამცავ უწყებაში.
შსს-ში ამბობენ, რომ თითოეულ ვებგვერდზე კიბერშეტევის სტილი არის იდენტური.