შსს: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დავაკავეთ, მათ შორის „კვატია“, „კვერცხა“ და „გოტო“

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმერეთის რეგიონში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1973 წელს დაბადებული ლ.კ. (მეტსახელად „კვატია“), ხოლო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1980 წელს დაბადებული ა.კ., 1985 წელს დაბადებული ს.ა., 1989 წელს დაბადებული ბ.ს., 1983 წელს დაბადებული ო.დ., 1985 წელს დაბადებული გ.კ. (მეტსახელად „კვერცხა“) და წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული ნ.ვ. (მეტსახელად „გოტო“).

ასევე, შსს ამბობს, რომ აღნიშნული დანაშაულისთვის მხილებულია საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“,  1976 წელს დაბადებული ვ.კ. (მეტსახელად „ვატია“). დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ამბობს, რომ  „კანონიერი ქურდის“ ვ.კ.-ს (მეტსახელად „ვატიას“) დავალებით ა.კ.-მ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გაიხსნა შპს „ტაბახმელა 2023-ის“ აგრარული ბაზარი, რომლის ანალოგიური ბაზარი შპს „ანი“ ფუნქციონირებდა ქუთაისში და რომელსაც ვერ უწევდა კონკურენციას.

„ბრალდებულებმა საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის მისაღებად, გადაწყვიტეს ქუთაისში მდებარე აგრარული ბაზრიდან შპს „ტაბახმელა 2023-ის“ აგრარულ ბაზარში გადაეყვანათ დასაქმებულები, რის შედეგად ქუთაისში განთავსებული ბაზარი ვეღარ შეძლებდა ფუნქციონირებას, ხოლო შპს „ტაბახმელა 2023-ის“ აგრარული ბაზრის საქმიანობიდან მიიღებდნენ დიდი ოდენობით შემოსავალს. ბრალდებულებმა „კანონიერი ქურდების“ სახელისა და მათი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, განზრახვა სისრულეში მოიყვანეს, რითაც შპს „ანი-ს“ ასიათასობით ლარის ზიანი მიადგა“, – წერია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.