შსს: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დავაკავეთ

პუბლიკა

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, რუსთავსა და ჩხოროწყუში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს.

წარსულში ნასამართლევი პირები „ქურდული სამყაროს წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს წევრისთვის” მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქესა და თ.ჩ.-ს შორის, სამშენებლო ბიზნესიდან გამომდინარე ფინანსური დავა წარმოიშვა. სადაო თანხა შეადგენდა 130 000 ლარს. ამავე, კომპანიაში დასაქმებულმა 1964 წელს დაბადებულმა კ.ბ.-მ დახმარება აღუთქვა უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ფულის „ქურდული“ წესით ამოღების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა, მათ შორის თავის შვილს – 1989 წელს დაბადებულ კ.ბ.-ს. თავის მხრივ, თ.ჩ.-მ, დასახმარებლად ასევე, კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, საქმის კურსში ჩააყენეს „კანონიერი ქურდები“ – ნიკა გითოლენდია და ნოდარ შუკაკიძე. ამის შემდგომ „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.