შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან 1982 წელს დაბადებული ვ.ა., 1968 წელს დაბადებული ი.გ. და 1990 წელს დაბადებულს ს.შ.
ვ.ა. და ი.გ. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით არიან დაკავებულები. ხოლო ს.შ. – ს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
„გამოძიებით დაადგინა, რომ ვ.ა. და ი.გ., ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, ქვემო ფონიჭალაში, დაკავებული ნარკორეალიზატორების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, მარიხუანა, ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინი და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
ხოლო ს.შ. – ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება მეტადონი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით, 261 – ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებითა და 273-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.