შსს: რუსეთის არმიის წევრი ანა ლაკობა 2018 წლის შემდეგ საქართველოში არ ყოფილა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ რუსეთის არმიის წევრი ანა ლაკობა საქართველოშია. უწყება განცხადებაში წერს, რომ მედიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. მათი განცხადებით, ლაკობამ საქართველო 2018 წელს დატოვა და მას შემდეგ საქართველოში არ შემოსულა.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა საქართველოში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე განვმარტავთ, რომ უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე Ganna ILYasova რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია სახელით ანა ლაკობა საქართველოში შემოვიდა და საქართველო დატოვა 2018 წელს. აღნიშნულმა მოქალაქემ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას ისარგებლა უკრაინის რესპუბლიკის მიერ გაცემული უკრაინის მოქალაქის პასპორტით.
2018 წლის შემდეგ, პიროვნებას აღნიშნული პირადი მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. აღნიშნული მოქალაქის მიერ საზღვრის კვეთის დროს არსებული სამგზავრო დოკუმენტის მიხედვით,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

რუსეთის არმიის წევრის ანა ლაკობას თბილისში ყოფნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ლაკობას ფოტოები, რომელიც მას თბილისში, მშვიდობის ხიდზე აქვს გადაღებული. აღნიშნულს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

 

 

ლაკობამ Tik-tok-ზე 2 დღის წინ ატვირთა თბილისში გადაღებული ფოტოები და ვიდეოები. რამდენიმე ფოტოში ჩანს სამება, ასევე ფოტოები აქვს გადაღებული მშვიოდობის ხიდზე. ლაკობას ტიკ-ტოკზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში გადაღებული ვიდეოებიც უდევს