შსს-ს აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭება - კანონპროექტი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება – ამის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

კანონპროექტით, „შსს-ს აკადემიას“ სახელწოდება შეეცვლება და „პოლიციის აკადემია“ გახდება.

აკადემიას უფლება მიენიჭება, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, განახორციელოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამა.

აკადემიაში სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა შეიქმნება და მისი შემადგენელი იქნება ფიზიკური, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება, სპეციალური სასწავლო საგნები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის შესწავლისთვის. პოლიციის აკადემია უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საიდუმლოებაზე სტუდენტის დაშვებას.

ამავე პაკეტით რეგულირდება საბაკალავრო პროგრამებზე მიღების წესებიც.

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე მიიღება პირი, რომელიც დააკმაყოფილებს პოლიციაში სამუშაოდ მიღებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაივლის შემოწმებას ან/და წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

სტუდენტის სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროექტი აკრედიტაციის პროცედურას გადის და დაგეგმილია, 2027 წლიდან მიიღონ სტუდენტების პირველი ნაკადი.

„პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება − რიგითი, ხოლო კურსდამთავრებულს – საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი;

სწავლის პერიოდი სტუდენტს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება; გარდა ამისა, სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო ინვენტარითა და სასწავლო მასალით, კვებითა და შესაბამისი უნიფორმით;

ამასთან, აკადემიის სტუდენტებს, სწავლის პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ საერთო საცხოვრებლით და პოლიციელისთვის გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა დასაქმებას სამინისტროს სისტემაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – აცხადებს შსს.

კანონპროექტის მიხედვით, სტუდენტებს გაუფორმდებათ ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მათ ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშაოს სამინისტროს სისტემაში.

„ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სტუდენტის მიმართ შეიძლება დადგეს დისციპლინური და მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდამავალი დებულებებით განისაზღვრება, რომ პოლიციის აკადემია შსს-ს აკადემიის უფლებამონაცვლე გახდება და აკადემიაში დასაქმებულები პოლიციის აკადემიაში ტოლფას თანამდებობებზე გადავლენ.