„ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით, რიგგარეშე სესიაზე აპირებს მიიღოს ცვლილება უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ კანონში.
ცვლილების მიხედვით, კანონს დაემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს არალეგალური მიგრაციის მიზნით საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელის შემოწმებას.
კანონპროექტის მიხედვით, შსს იქნება უფლებამოსილი ორგანო, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე შეამოწმოს უცხოელის სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილი ან სხვა კერძო საკუთრება.
კერძო საკუთრების შესამოწმებლად თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან დამსაქმებლის თანხმობა საკმარისი იქნება შემოწმების სასამართლოს ბრძანების გარეშე ჩასატარებლად.
იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ან დოკუმენტის განადგურება შსს უფლებამოსილი იქნება, დაიწყოს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს.
შუამდგომლობის წარდგენისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობდა შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა.
საცხოვრებელის/სამუშაო ადგილის შემოწმებისას შსს უფლრბამოსილი იქნება, გამოჰკითხოს პირი, მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება. ასევე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები.
კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ და საბოლოოდ 2 ივლისს მიიღებენ.
კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.