შსს-ს ცნობით, მეტეხის ხიდის მიმდებარედ აქტივისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
„სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი. ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პირველადი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაზიანებები მიიღეს კონფლიქტში ჩართულმა პირებმა – როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ასევე ინციდენტში მონაწილე მოქალაქეებმა. ამ დროისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს გამოკითხვები“, – ნათქვამია განცხადებაში.
იგორ ნარმანიამ მოგვიანებით „ფორმულას“ ეთერში შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდული უწოდა.
„შსს-ის განცხადება არის აბსურდი. როცა დაპირისპირება დაიწყო, ავედი იმის სანახავად, რა ხდებოდა. თავდამსხმელები დრინებით იყვნენ მობილიზებულები. ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა. ჩვენ უკვე ტაძრის დაბლა ვიყავით. როცა დავინტერესდით, რატომ იყო ჩოჩქოლი, ზემოთ უნდა ავსულიყავი, კადრებშიც ჩანს. ამ დროს კი ტიტუშკა მოდის და უკნიდან, ლაჩრულად მირტყამს. ამ ქვეყანაზე ქოცების აღარავის ეშინია. შეშინებული თავად „ოცნებაა”. ამაზე უარესებიც გადაგვიტანია და ამასაც გადავიტანთ. მთავარია ქვეყანა გავათავისუფლოთ. „რუსულ ოცნებას” კი ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების პროვოცირება სურს“, – განაცხადა მან.
მეტეხის ხიდზე განცხადების გასაკეთებლად შეკრებილ სტუდენტებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულია ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია. თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ არასრულწლოვან აქტივისტსაც, რომელსაც თავში სავარაუდოდ რკინის ნაჭერი ჩაარტყეს.
„აგრესიულად იყვნენ განწყობილები [თავდამსხმელები], ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია ჩვენი თანატოლების მიმართ. გვერდიდან მომეპარა, პოლიციამ რომ ამოიღოს აქ ათასობით კამერაა და დაინახავენ ძალიან კარგად, რომ გვერდიდან მომეპარა“, – უთხრა „ტვ პირველს“ იგორ ნარმანიამ და აჩვენა რკინის ნაჭერი, რომელიც, მისი თქმით, თავდამსხმელებმა თავში ჩაარტყეს.
აქტივისტების თქმით, სტუდენტები იქ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საერთო ბრიფინგის გამართვას აპირებდნენ, რათა ხალხისთვის მოეწოდებინათ ხვალინდელ საპროტესტო აქციას შეერთებოდნენ.