შსს-ს ცნობით, ბოლო 10 დღეში ნარკორეალიზაციის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, ბოლო 10 დღეში თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 11 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ფონიჭალის დასახლებაში დაკავებულები არიან: 2001 წელს დაკავებული დ.მ., 1989 წელს დაკავებული ა.ა. და 1983 წელს დაბადებული ზ.ა., ასევე, დაკავებულები არიან: 1994 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ზ. 1987 წელს დაბადებული დ. დ., 1967 წელს დაბადებული ა. ა., 1988 წელს დაბადებული რ. ჯ.,1972 წელს დაბადებული რ. ზ., 1970 წელს ა. მ.,1956 წელს დაბადებული ვ. მ.,1989 წელს დაბადებული ლ. ს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების – „ჰეროინის“, „ალფა-პვპ“-ს და „ბუპრენორფინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში, ბრალდებული ზ.ა.-ს საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები: ელექტროსასწორი და კოვზი. პოლიციამ, ბრალდებული გ.ზ.-ის პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ამოიღო. სამართალდამცველების მიერ, დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქის – ი.ზ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული – 1000 ლარი, მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად კი – 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება“,- ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და მცენარე კანაფის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.