შსს-ს ცნობით, დააკავეს მძღოლი, რომელიც პატრულ-ინსპექტორებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს პირი, რომელიც ცივი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა პატრულ-ინსპექტორებს.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც გზის სავალი ნაწილის გვერდულზე შენიშნეს ავტომობილი, რომლის მძღოლმაც პოლიციის ეკიპაჟის დანახვისას დაძრა ავტომობილი, შეეჯახა სავალი ნაწილის გვერდულს და სცადა მიმალვა.

პატრულ-ინსპექტორებმა არაერთხელ მოუწოდეს ავტომობილის მძღოლს დამორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას.

მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აღნიშნულ პიროვნებას შეენარჩუნებინა სიმშვიდე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი იქცეოდა აგრესიულად.

მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, ცივი იარაღის დემონსტრირებით, პატრულ-ინსპექტორებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ასევე, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე მყოფ ერთ-ერთ პოლიციელს. აღნიშნული პირი, რომელიც სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არაერთხელაა ნასამართლევი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იქნა დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს“, -ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახური მოქალაქის დაკავების დროს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეს შეისწავლის.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 8 აპრილს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე მალხაზ გიორგაძის დაკავებისას განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, კაცი მალხაზ გიორგაძეა, რომელიც პოლიციას ძალადობასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.