შსს-ს ცნობით, დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი, 6 პირს, მათ შორის, ე.წ. კანონიერ ქურდს, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

უწყების ცნობით, ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ და გამოჰქონდათ ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“.

„დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. „კანონიერ ქურდს“ მამუკა შუბითიძეს, რომელიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. „ქურდული წესების“ შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდა. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა, „ქურდული სამყაროს“ სახელით, მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომანქანა, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, ასევე ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე, 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.