შსს-ს ცნობით, მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი: 2003 წელს დაბადებული ე.მ. და 2005 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ე.მ. – ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარება, ხოლო რ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების ბრალდებითაა დაკავებული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ე.მ. -მ მიმდინარე წლის 4 ივნისს, მარნეულში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1998 წელს დაბადებულ ვ.გ. -ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც რ.გ. – სთან ერთად მიმალვას შეეცადა, თუმცა ორივე მათგანი პოლიციამ ბრალდებულის სახით დააკავა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.