შსს-ს ცნობით, მუხრანში 2 ადამიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, მუხრანში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1982 წელს დაბადებული ს.ც. და 1986 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 24 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – 1980 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს და 1985 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავა“,- ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.