შსს-ს ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მისცეს – დაკავებულია 49 პირი, ხოლო 14 პირი დაუსწრებლად იქნა პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის 5 „კანონიერი ქურდია“.
მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „კანონიერი ქურდობა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“. დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.
„სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ კანონიერ ქურდებთან, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში.
ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, სხვადასხვა დროს საქართველოში და საზღვარგარეთ ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდებიც“ მონაწილეობდნენ.
ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ მათ მითითებებს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე სეკუნდა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.