შსს-ს ცნობით, რუსთაველზე 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთველის გამზირზე დაპირისპირების დროს სამართალდამცავებმა ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ამასთან, როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.

მედიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე პატრულმა მანქანაში ხელბორკილის გარეშე ჩასვა და განარიდა ორი კაცი, რომლებიც აქციის მონაწილეებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და პროვოკაციას აწყობდნენ. მათივე ცნობით, ეს ის კაცები არიან, რომლებიც მეტროში ახალგაზრდებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამას მოჰყვა ვიდეო, როგორ აგინებენ და ემუქრებიან ეს კაცები მეტროში მყოფ ახალგაზრდებს. ,,პუბლიკის” რეპორტიორმა კი ისინი უკვე რუსთაველის გამზირზე გადაიღო.