შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ ოფისის ფანჯარაზე გაკრული ბანერის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.
შსს-ს განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მხილებული პირის მიერ ჩადენილი ქმედება სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა და მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს საქმის მასალები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა, მ.გ.-ს მიერ ჩადენილი ქმედების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტად განხილვის მიზნით.
„მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ამხილა 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.გ., რომელმაც პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისის შენობის ფანჯრის მინაზე გაკრულ ბანერს აგური ესროლა და დააზიანა. ასევე, დადგინდა, რომ მიყენებული ზარალი 80 ლარს შეადგენს“, – აცხადებს შსს.
უწყების ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „მ.გ.-ს მიერ ჩადენილ ფაქტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია მისცა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. სასამართლომ იმსჯელა აღნიშნული პირის მიერ ჩადენილ ქმედებაზე და მას სიტყვიერი შენიშვნა მისცა“.
„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის განცხადებით, 12 ოქტომბერს პარტიის ოფისს აგურები დაუშინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობდა.