შსს-ს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურე ტ.ღ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურე ტ.ღ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი“ და „ალფა-პვპ“, რომელსაც მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომობილში უკანონოდ ინახავდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.