შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიზნესმენ, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტისა“ და „ევრონიუს ჯორჯიას“ დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის („ზარალა”) დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების განცხადებით, გიორგი რამიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ.
სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
236-ე მუხლის მე-3 ნაწილი გულისხმობს:
ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა, სანადირო ან სპორტული იარაღისა], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას – ისჯება სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით.
მე-4 ნაწილი:
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, – ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.