შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში მანქანის პოვნასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.
მამუკა ჭელიძის განცხადებით, ადგილი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა დაფიქსირდა, შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 15 კილომეტრის რადიუსით არის დაშორებული და ეს მიმართულება იქ გამოკითხული ადამიანების მიერ არ იყო მითითებული.
მისი განმარტებით, სამძებრო სამუშაოები დაიწყო პირველივე შეტყობინების მიღებისთანავე, 18 ივლისს. ბოლო ლოკაცია, სადაც გარდაცვლილის ავტომანქანა დაფიქსირდა იყო სოფელი ხაიში, ამიტომ ჭელიძის განმარტებით სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა, როგორც ადგილობრივების გამოკითხვა, ასევე შესაძლო გადაადგილების მარშრუტის შესწავლა. ავტომობილი იპოვეს ბოლო ფიქსირებული ადგილმდებარეობიდან 15 კილომეტრის რადიუსით მოშორებით. „ამ მიმართულებაზე არ იყო იქაური გამოკითხული ადამიანების მითითებები“,- განმარტავს ჭელიძე და ამბობს, რომ ეს ორი სხვადასხვა მიმართულებაა.
„დილას, დაახლოებით, 10 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი გავიდა სახლიდან. დაახლოებით, 20 წუთში ფიქსირდება ხაიშის “ჭკვიანი” კამერების ლოკაციაზე, სადაც კამერების დათვალიერების დროს ჩანს, რომ ის ავტომობილს მართავს თავად. როგორც წესი, პოლიცია მნიშვნელოვან როლს ანიჭებს, პირველ ეტაპზე, ოჯახის პოზიციებს და ძიების დროს არ არის განსაკუთრებულად გამოკვეთილი შესაძლო გარდაცვალების ვერსიები, ამიტომ, ასეთ დროს ნებისმიერი სხვა ვერსია იხილება. რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან, დღევანდელ დღემდე, ოჯახის ჩართულობა არის ძალიან აქტიური. გამოძიების მიერ მოხდა აღმოჩენილი საეჭვო მარშრუტის, გადაადგილების ლოკაციის დეტალური შესწავლა.
გამოიკითხა ათეულობით ადამიანი. ზოგიერთი ადამიანი ფლობდა ინფორმაციას შესაძლო დანახული მანქანის შესახებ. ზუსტად ვერ აფიქსირებდნენ ამ ავტომანქანის შემდგომ გადაადგილებას. ადგილი, კამერებზე, სადაც ავტომანქანა დაფიქსირდა, ხაიშში შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 15 კილომეტრის რადიუსით არის დაშორებული და ამ მიმართულებაზე, იქ გამოკითხული ადამიანების მიერ არ იყო მითითებული. ეს არ იყო ერთჯერადი გზა,სადაც სამართალდამცველები ეძებდნენ ამ ავტომანქანას. როგორც მოგახსენეთ, გამოვიყენეთ სპეციალური დრონები, რომლებიც სიმაღლიდან აფიქსირებს და ცდილობს სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოაჩინოს ავტომანქანა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, დაფიქსირების ლოკაცია იყო სხვა, სხვა არეალში, ამ კუთხით, ვერ მოხერხდა იმ დღეებში ზუსტად ამ მანქანის პოვნა“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.