შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გუშინ, 14 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მიმდინარეობისას საკრებულოს შენობაში აღმოჩენილი ტექნიკა მოძრავი რეპიტერია, საპოლიციო ინფრასტრუქტურა, რომელიც აძლიერებს რადიოსიგნალსა და ფიჭურ მობილურ კავშირს.
შსს-ს განმარტებით, ტექნიკა გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული კომუნიკაციის მიზნით. უწყების ცნობით, აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, როცა შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით.
გუშინ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ საკრებულოს შენობაში უცნობი პირები და ტექნიკა აღმოაჩინა.
ლიპარტელიანის მტკიცებით, აპარატურა ინტერნეტის ჩასახშობად და ხმის ჩასაწერად გამოიყენება.
დეპუტატის თქმით, პირებმა, რომლებსაც უნიფორმა არ ეცვათ, აპარატურიდან ჩიპები ამოიღეს და როგორც თავად ყუთები, ასევე, ჩიპები ცალ-ცალკე გაიტანეს.