შსს-ს გენინსპექციის წინააღმდეგ საქმე საგამოძიებომ რეაგირებისთვის გენინსპექციაში გადაგზავნა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გოგა რაზმაძე წერს, რომ შსს-ს გენერალური ინსპექციის წინააღმდეგ მის მიერ წამოწყებული საქმე სპეციალურმა საგამოძიებო სასამხურმა რეაგირებისთვის თავად გენინსპექციაში გადაგზავნა.

გოგა რაზმაძემ 12 ივლისს დაწერა, რომ მის მიმართ დამამცირებელ და ღირსებისშემლახველ მოპყრობას აქვს ადგილი.

რაზმაძემ რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

„განცხადების შეტანიდან 4 დღის შემდეგ, 2023 წლის 18 ივლისს ტელეფონით დამიკავშირდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი და მთხოვა საგამოძიებო ორგანოში მისვლა. 19 ივლისს, დილის საათებში ჩემს ადვოკატთან ერთად გამოვცხადდი საგამოძიებო ორგანოში.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებისას სამსახურის წარმომადგენლისაგან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გამოძიება ამ ფაქტზე არ იყო დაწყებული და ჩემი დაბარების მიზეზი იყო ჩემთან გასაუბრება, რომელიც უნდა გაფორმებულიყო წერილობითი ოქმით.

ვინაიდან გამოძიების დაწყებამდე დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირის გამოკითხვას არ იცნობს/არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (ასეთ წესს ითვალისწინებდა ძველი კანონმდებლობა), ცხადია, უარი განვაცხადე წერილობითი ინფორმაციის მიწოდებაზე და სამსახურის წარმომადგენელს განვუმარტე, რომ ჩემ მიერ წერილობით განცხადებაში მითითებული გარემოებები შეიცავდა საკმარისზე მეტ დანაშაულ(ებ)ის ნიშნებს და იყო აბსოლუტურად საკმარისი საფუძველი გამოძიების დასაწყებად. ვითხოვე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება, რომლის შემდგომ ვითანამშრომლებდი გამოძიებასთან. ანუ, მოვითხოვე პროცესის ისე წარმართვა, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა.

2023 წლის 27 ივლისს (გუშინ, დღის მეორე ნახევარში) ფოსტით მივიღე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წერილი. წერილში აღნიშნულია, რომ:

  •  მე არ ვისურვე გამომძიებელთან გასაუბრება და გარემოებების დაზუსტება;
  • ჩემს მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესწავლით არ გამოიკვეთა სპეციალური საგამოიძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშულის ნიშნები;
  • განცხადება შემდგომი რეაგირების მიზნით გააგზავნეს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩემს წინააღმდეგ გამოიყენა ის ფაქტი, რომ უარი განვაცხადე გაურკვეველ და უკანონო ,,საგამოძიებო მოქმედებაში” მონაწილეობაზე, გამოძიება არ დაიწყო არც საჯაროდ გავრცელებული და არც განცხადებაში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე (რაც საკმარისზე მეტ ინფორმაციას შეიცავდა გამოძიების დასაწყებად) და ჩემი განცხადება (რომელშიც აღწერილი მაქვს შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის მოადგილის მიერ ჩემს მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულ(ებ)ი) რეაგირებისთვის გააგზავნა ამავე დანაყოფში (შსს-ს გენერალურ ინსპექციაში),

ალბათ ისევ დ. მინდიაშვილმა უნდა დამიბაროს ახლა გენერალურ ინსპექციაში, ამჯერად წინ ედება მისი უკანონო ქმედებების შესახებ ჩემი დაწერილი განცხადება (რომელიც მის ხელში არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხვედრილიყო) და დამამცირებელი მოპყრობის ახალი სერია მელოდება წინ.

მე, რა თქმა უნდა, ვაგრძელებ ჩემი უფლებების დაცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით“, – წერს ის.


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გოგა რაზმაძე სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე საუბრობს. ამის შესახებ მან 12 ივლისს ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა Facebook-ზე.

გოგა რაზმაძე ამბობს, რომ შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში მუშაობს და ამ დეპარტამენტში ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც კურატორად მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა.

ის ასევე წერს, რომ, როდესაც მან თავისი მოსაზრებები დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნა მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის მენეჯმენტს, 11 ივლისს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს.

გოგა რაზმაძე ჰყვება, რომ მას სამი საათის განმავლობაში დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ პირობებში „საქმეს ურჩევდა“  შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დავით მინდიაშვილი.